logo
ENG



"ავრცელეთ ვიდეოები, რომ უკრაინა ტყვეებს არაადამიანურად ექცევა" - Anonymous-ი რუსეთს ამხელს

28 მარ 202223:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/28/0h6ptuiogu3sry8.jpg

ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტოს დოკუმენტი გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ უწყებას ევალება ისეთი ვიდეომასალების გავრცელება, რომელშიც ნაჩვენები იქნება, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალები ტყვედ ჩავარდნილ სამხედროებს არაადამიანურად ექცევიან". 

დოკუმენტი "ინტერნეტში ინფორმაციული ხასიათის ღონისძიებების ჩატარების შესახებ" 21 მარტით არის დათარიღებული და მას ხელს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დმიტრი ბულგაკოვი აწერს. 

Anonymous-ის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია: "რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების უკრაინაში ტყვედ ჩაბარების ფაქტებმა იმატა, გარდა ამისა, მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება მასალები, სადაც ჩანს, რომ ამ სამხედროებს კარგად ექცევიან - ყოველივე ეს რუს სამხედროებს უღვივებს დაუსჯელობის განცდას და აფიქრებს, რომ ისინი მარტივად შეძლებენ თავი აარიდონ სამხედრო მსახურებას უკრაინაში ამ გზით. 

ვბრძანებ: შეიმუშავოთ და გაავრცელოთ ვიდეომასალების ციკლი, იმის დემონსტრირებით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ტყვედ ჩავარდნილებს არაადამიანურად ექცევიან, ასევე აჩვენოთ უკრაინაში ნაციონალისტური ფორმირებები როგორ ექცევიან ტყვეებს, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაბარდნენ.

შეიმუშავოთ და გაავრცელოთ გრაფიკული მასალების სერია, მტკიცებულებებით იმ ფაქტებისა, რომ ტყვეების ვიდეოებში სინამდვილეში არა რეალური ტყვეები, არამედ სხვა ხალხია. ასევე უარყოთ ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალები იყენებენ წვევამდელებს. 

უზრუნველყოთ მასალების გავრცელება თანდართული ინფორმაციით, რომელშიც აქცენტი ჟენევის კონვენციის დარღვევაზე იქნება გაკეთებული". 


close დახურვა